2018 წლის ბოლოს ერთ-ერთი გადაუწყვეტელი საკითხი, რომელიც აქტიურად განიხილებოდა, კვლავ ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმა იყო. მიუხედავად მრავალგზის დაპირებისა, თვითმმართველობამ დოკუმენტი დღემდე ვერ მოამზადა. ამის შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

გენერალური გეგმის მოუმზადებლობაზე გამოთქმულ კრიტიკას ხელისუფლება სხვადასხვა სახით პასუხობს. დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა: „ქალაქს სჭირდება გენერალური გეგმა... თუმცა, კატეგორიულად მიუღებელია გაჩერდეს პროექტები, მეწარმეებს შეექმნათ პრობლემები, მშენებლებს - განსაკუთრებით... ორი მთავარი მიდგომა - ეს არის ბიზნესის თავისუფლება და ვერავინ გაბედავს, რომ მათ ჯიბეში ხელის ფათური დაუწყოს. მეორე არის, რომ ყველა ჩინოვნიკს მოეთხოვება გულგრილობისთვის და გადაწყვეტილების მიუღებლობისთვის პასუხი“. ფაქტ-მეტრის კითხვაზე, რამ მისცა მას ამ განცხადების გაკეთების საფუძველი, გულისხმობდა, თუ - არა „ჩინოვნიკებში“ ბათუმის მერიის თანამდებობის პირებს და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ბიზნესმენებმა მთავრობის თავმჯდომარესთან კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრეს, თორნიკე რიჟვაძემ წერილობით გვიპასუხა: „ჩემი განცხადება ემსახურება იმას, რომ არავის მოერიდოს და თუ მსგავსი პრობლემა მათ საქმიანობას შეაფერხებს, მაქსიმალურად სწრაფად მოგვაწოდოს ინფორმაცია ამის შესახებ როგორც მთავრობას, ისე შესაბამის უწყებებს“.

ბათუმის მერმა ამ თემაზე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მოგვიანებით ჩვენს კითხვებს მაინც უპასუხა: „მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს [თორნიკე რიჟვაძის განცხადება] იყო ბათუმის მუნიციპალიტეტის მისამართით გაკეთებული... ჩვენ ვმოქმედებთ მაქსიმალურად კანონის ფარგლებში. გვაქვს ნამდვილად კონსტრუქციული და თანამშრომლობითი დამოკიდებულება მთავრობის აპარატთან. არის მთელი რიგი საკითხები, როცა თვითმმართველობა აუცილებლად უნდა თანამშრომლობდეს რეგიონის მთავრობასთან... რა თქმა უნდა, დავეთანხმები მთავრობის თავმჯდომარეს, რომ ნებისმიერი საჯარო მოხელე, ვინც უნდა იყოს, უნდა მოქმედებდეს მასზე დაკისრებული მოვალეობის ფარგლებში.“

რატომ იყო აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ტონი ასეთი მკაცრი? მით უმეტეს, რომ ბათუმელებს სულაც არ მიაჩნიათ, თითქოს მშენებელ კომპანიებს ქალაქის ტერიტორიების ათვისებაში ხელი ეშლებათ. პირიქით, მოქალაქეები ცდილობენ, ხელისუფლებას ბათუმის „ჩაბეტონების“ პროცესი შეაჩერებინონ. ან რატომ გაიცა 2018 წლის დეკემბერში მშენებლობის ნებართვების უპრეცედენტო რაოდენობა ბოლო ორი წლის განმავლობაში?

ოპოზიციას ამ კითხვაზე თავისი პასუხი აქვს: სამშენებლო კომპანიები, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერისთვის, სამაგიეროს ითხოვენ.

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა, გადაემოწმებინა, არსებობს, თუ - არა რაიმე კავშირი მშენებლობის ნებართვის მიმღებ კომპანიებსა და მმართველ გუნდს შორის. როგორც ირკვევა, 2018 წელს ნებართვები „ქართული ოცნებისთვის“ თანხის შემწირველმა კომპანიებმა ნამდვილად მიიღეს. მაგალითად: შპს „ორბიჯგუფი“, რომლის დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ 2018 წელს უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს 25 000 ლარი გადაურიცხა. ასევე შპს „მეგა პალასი“, რომლის წილის მფლობელმა ლევან ხიმშიაშვილმაც მმართველი გუნდის სასარგებლოდ თანხა ორჯერ გადარიცხა, ჯამში 57 000 ლარი. მშენებლობის ნებართვა გაცემულია შპს „მედალფაზე“. ამ კომპანიის 100%-იანი წილის მმართველმა „ავერსი ფარმამ“ 2017 წელს „ქართულ ოცნებას“ 88 000 ლარი შესწირა. ამ სიაშია შპს „სქაი ბათუმი“ (შპს „ბათუს +), რომლის 50%-იან წილს ფლობს შპს „იბერკომპანი“. მის მესაკუთრეს, გოჩა ენუქიძეს მმართველი გუნდისთვის 2016-2017-2018 წლებში გადარიცხული აქვს ჯამში 165 000 ლარი.

ლაშა კომახიძე ფაქტ-მეტრთან აცხადებს, რომ მშენებლობის ნებართვების ნაწილი K2 კოეფიციენტს შეეხება და საფუძვლიან კვლევებს საჭიროებს, რასაც მეტი დრო სჭირდება და მშენებელთა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება სწორედ ამან გამოიწვია. მისივე თქმით, მერია ნებართვებს კანონით გათვალისწინებულ ვადებში გასცემს და ბიზნესის ჯიბეში ხელის ფათური დღეს მერიაში გამორიცხულია.

ჩვენ შევისწავლეთ მშენებლობის ნებართვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების დინამიკა 2017-2018 წლების მიხედვით. მონაცემები ბათუმის აღმასრულებელი ორგანოდან გამოვითხოვეთ. ასევე, გამოვიყენეთ მერიის მიერ ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

2018 წლის განმავლობაში გაცემულია 249 მშენებლობის ნებართვა, 2017 წელთან შედარებით, 12-ით ნაკლები. განაცხადზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებულია 105 შემთხვევაში, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 74-ით აღემატება - 2017 წელს 261 მშენებლობის ნებართვა გაიცა, ხოლო 31 შემთხვევაში მაძიებელს უარი ეთქვა.

თუ მშენებლობის ნებართვების თაობაზე მიღებული დადებითი და უარყოფითი გადაწყვეტილებების საერთო რაოდენობასთან მიმართებით ვიმსჯელებთ, 2017 წელს დადებითმა გადაწყვეტილებამ - 89.69%, ხოლო უარყოფითმა 10.65% შეადგინა. 2018 წელს ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 70.34% და 29.66% იყო.2018 წელს გაცემული ნებართვების რაოდენობა თვეების მიხედვით ასე გამოიყურება:

გრაფიკი 1: ბათუმის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვები 2018 წლის თვეების მიხედვით

წყარო: ბათუმის მერია

როგორც ვხედავთ, დადებითი გადაწყვეტილებების რაოდენობა მაისსა და ივლისში გაზრდილია, მომდევნო თვეებში იკლებს, ხოლო ნოემბერში ისევ იმატებს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პერიოდში, დეკემბერის თვეში, ბოლო ორი წლის რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.რაც შეეხება 2017 წლის მშენებლობის ნებართვებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს თვეების მიხედვით, ასეთი სურათი იკვეთება:

გრაფიკი 2: ბათუმის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვები 2017 წლის თვეების მიხედვით

წყარო: ბათუმის მერია

საინტერესოა, რომ 2017 წლის იანვარ - ივლისში, მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მშენებლობის ნებართვაზე არც ერთი უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ბათუმის მერიას ვთხოვეთ, მიეთითებინა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილებების მიზეზებიც, თუმცა მან ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

თეგები: